თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, მარიამ მენაბდე, მრავალსართულიანი ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციას სთავაზობს.
“პროექტი გულისხმობს არსებული შენობების ე.წ ხრუშჩოვკების სახეცვლილებას, რომლებიც ფასადით გამოდიან ცენტრალურ ქუჩაზე და ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს, ასევე არ აკმაყოფილებენ თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებს.
ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი სრულიად მორგებული და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე, პროექტში გათვალისწინებულია არამარტო ფასადური რეკონსტრუქცია , არამედ ფუნქციური ცვლილებაც (თბომოდერნიზაცია, გამწვანება და ა.შ), რომელიც გააუმჯობესებს საცხოვრებელი პირობების სტანდარტებს და გარდა ამისა მოაწესრიგებს ქალაქის ერთიან იერსახეს”, – განმარტავს იდეის ავტორი.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. აღნიშნული იდეას 2 501 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია მარიამ მენაბდეს იდეა განიხილოს.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 78 მიმდინარე, 350 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 20 განსახილველი, 891 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.