საქართველოში წერტილებად ანთებული სინათლე… – მადლობის ბლოგი

4892

ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი

მაშინ, როცა ამ ქვეყანაში უამრავი ენერგია იხარჯება სოციალურ ქსელში გამართულ სრულიად არაფრისმომტან ბრძოლებში, ერთმანეთის ლანძღვაში პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო, ცალკეული ადამიანები, ინიციატორები, პატარა სათემო და ინტერესთა ჯუფები მთელ საქართველოში ფიქრობენ, შრომობენ, იბრძვიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის!

ამის მოწმე ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ გავხდი პანკისში, სოფელ ჯოყოლოში Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე –  სათემო ცხოვრების იდეა და პრაქტიკა.

სათემო ჯგუფების და ქვეყნის განვითარებაში მათი წვლილის შესახებ ადრეც ვწერდი. მე თვითონ ბევრი წელია, სოფლად თვითორგანიზების და განვითარების საკითხებზე მიწევს მუშაობა, ეს თემა ძალიან მაინტერესებს და მუდმივად ვცდილობ, თვალყური ვადევნო სიახლეებსა და ცვლილებებს ამ მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ სათემო ჯგუფების არსებული სტატისტიკით დავინტერესდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მონაცემებს გადავხედე. ამ მონაცემებით, რომელსაც პრეტენზია არ აქვს სრულყოფილებაზე, დღეს საქართველოში 250-ზე მეტი მოქმედი სათემო ორგანიზაციაა (რეგისტრირებული ან არარეგისტრიებული ჯგუფი). როგორც წესი, ესაა ორი-სამი, ან სულაც ერთი აქტიური ადამიანის, ინიციატორისა და აუცილებლად  – იდეის გარეშემო შემოკრებილი ადამიანების ერთობა, რომელიც საკუთარი თემის კეთილდღეობისათვის და სამართლიანობისათვის იბრძვის და შრომობს. ამ მოხალისეობრივ, ენთუზიაზმით აღსავსე, იდეურ შრომას ადგილებზე ხშირად უამრავი დაბრკოლება ხვდება ხოლმე, ისეთი, როგორიც არ უნდა ხვდებოდეს, ისეთი, როგორიც კარგი საქმის მკეთებელს ტყუილად დროს, ენერგიას და ნერვებს არ უნდა აკარგვინებდეს და პერიოდულად ნიჰილიზიმისკენ და სასოწარკვეთისკენ არ უნდა უბიძგებდეს. მით უფრო დასანანია, როცა მსგავსი დაბრკოლებები ადგილობრივ საჯარო სტრუქტურებს უკავშირდება. ეს ცალკე საფიქრალი და სამსჯელო თემაა, ახლა კი ისევ პანკისზე.

პანკისის შეხვედრამ კი იმედით და სიხარულით ამავსო, რატომ? ჯერ ერთი, მქონდა საშუალება, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მარინა თაბუკაშვილისთვის მომესმინა. ფონდი “ტასო” და მარინა თაბუკაშვილი უამრავი წელია, სათემო განვითარების საკითხებზე მუშაობენ და მათგან მუდმივად შეიძლება სწავლა. ეს კი დიდი სიხარულია. სწორედ ცოდნისა და გამოცდილების უშურველ გაზიარებაზე გააკეთა მარინამ აქცენტი და თავადაც ძალიან საიტერესო დაკვირვებები, ნაფიქრალი და მიდგომები გაგვიზიარა.

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე სათემო ჯგუფის მუშაობის გაცნობის საშუალება მქონდა. ზოგ მათგანს აქამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი (მაგ. სათემო კავშირი ნუკრიანი/ნუკრიანის სახელოსნოები და ცოდნის კაფე – სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლებმაც თავიანთ თემში არაერთ სასიკეთო ცვლილებას დაუდეს საფუძველი). მადლობა მაია ბიძინაშვილს, ნანა ბაგალიშვილს და მათ თანამოაზრეებს ამ შრომისთვის!

მაგრამ ზოგის მოსმენისა და გაცნობის ბედნიერება ამ რამდენიმე დღის წინ პირველად მომეცა, მაგალითად, თეთრიწყაროს ახალგაზადრული ცენტრის საქმიანობის, ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდული ჯგუფის სულისკვეთების. მათ თეთრწყაროში თავშეყრის საჯარო სივრცე შექმნეს და უამრავ მცირე თუ დიდ პროექტს არიან შეჭიდებულები დასახლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სასიკეთოდ. მეტი ინფორმაცია შეიძლიათ შეიტყოთ მათ გვერდზე. იცით, როგორები არიან? ვფიქრობდი, ნეტა, ჩემი შვილები ამ ასაკში ასეთივე იდეურები და მშრომელები იყვნენ მეთქი. მადლობა ლუსო დოსტიბეგიანს, ფატი შავაძეს და სხვებს ამ საქმეებისთვის.

ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო აზერბაიჯანულ თემში (სოფ. ხულდარა, სადახლო, მოლაოღლი) მომუშავე თვალებანთებული, საქმეზე შეყვარებული ბიჭები. ახალი აზროვნების ინსტიტუტი 2015 წლიდან მუშაობს და სამ სოფელში აქვს გახსნილი საგანმანათლებლო ცენტრები. აქ ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართველები, სხვადასხვა პროგრამას შორის, ერთად სწავლობენ ენებს – ქართულსა და აზებაიჯანულს. გარდა საგანმანათლებლო პროფილისა, ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობასაც ემსახურება ინფორმაციით, კონსულტაციით, ტექნიკით და  მათ შეძლებისდაგვარად ეხმარება. მადლობა ქამრან აფანდიევს და არიზ დაშდერმირლის ამ უმნიშნელოვანეს რეგიონში მსგავსი საქმიანობისათვის!

პანკისის სათემო ჯგუფის მონათხრობი თავიანთ საქმიანობაზე კი, გარდა სათემო თვითორგანიზებისა და აქტივიზმის გამოცდილებისა ხეობაში, მნიშვნელოვანი იყო კულტურული კუთხითაც და ფრაზამ, რომ ქისტი თემისთვის კოლექტიური პასუხისმგებლობა უცხო არ არის – კიდევ ერთხელ დამაფიქრა საქართველოში თვითორგანიზების წინაშე მდგარი გამოწვევების და პრაქტიკის სულ სხვა შრეებსა და ასპექტებზეც. მადლობა ლუიზა მუთოშვილს, ნაზი დაქიშვილს და აქტივისტ ხეობელებს ამ შემართებისთვის!

კიდევ ერთხელ მივხვდი, ასეთ ჭკვიან, აზრიან, თავდადებულ, იდეურ, საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ადამიანებზე, გაფანტულებზე მთელ საქართველოში, დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. და მაშინ, როცა იშვიათად, მაგრამ მაინც, იმედი დამტოვებს ხოლმე, საქართველოს რუკას თვალდახუჭული წარმოვიდგენ და ნელ-ნელა ყველა კუთხეში ინთება წერტილებად სინათლე – მოკავშირეები, თანამოაზრეები, საყრდენები, ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან და ამ ქვეყნის უკეთესობისთვის ყოველდღიურად შრომობენ. მადლობა თითოეულს (რა მაგარი სიტყვაა! თითო-ეული) ამ იმედისთვის.

პ.ს. იმდღევანდელი შეხვედრა პანკისში, სოფელ ჯოყოლოში, ნაზი დაქიშვილის საოჯახო სასტუმროში ჩატარდა. ემოციური და ინფორმაციული დღის შემდეგ ალაზნისკენ გავისეირნეთ. ჯერ-ჯერობით და იმედია, სამუდამოდ ლაღად მომდინარე ალაზნის პირას მდებარე ამ პატარა სამოთხეში, სახელად ნაზის საოჯახო სასტუმრო, ჩემს თინეიჯერ შვილს აუცილებლად წავიყვან. წავიყვან, რათა გაიცნოს ხეობა, გაიჩინოს მეგობრები და იქაურობა შეიყვაროს ბავშვობიდანვე, ყოველგვარი ცრუ წინასწარგანწყობებისა და სტერეოტიპების გარეშე, რითიც ხშირად საზოგადოების ნაწილი იკვებება. თან ყოველთვის ვეცდები, ავუხსნა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და ეს ნამდვილი სიმდიდრეა.