თბილისის მერია კიდევ 21 ოჯახს ფართს 1 ლარად დაუკანონებს

1062

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში კიდევ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა. მისი თქმით, პროგრამა გრძელდება და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ბინის დაკანონებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, შესაძლებლობა აქვს გამგეობას შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს, რის შემდეგაც პროცესი დაიწყება.

“თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი. საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ პროგრამით, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ გასულ წელს. დღესაც მოგაწვდით ინფორმაციას: კონკრეტულად დიღმის მეორე მიკრორაიონში, 27-ე კორპუსში მცხოვრებ 21 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ და ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. მინდა მივულოცო ამ ადამიანებს.

ასევე, მელანიის მე-5 შესახვევის 20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაეცა ერთ ლარად საცხოვრებელი ფართი. ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ და ყველა იმ ადამიანს, ვისაც, აწუხებს პრობლემა წლების განმავლობაში და ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, შეუძლია გამგეობებს მიმართოს. გამგეობა მერიასთან აკეთებს შუამდგომლობას და ჩვენ ვიღებთ მთავრობაზე. ვულოცავ ამ ადამიანებს და შემდეგ მთავრობის სხდომაზეც მზად ვარ ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს”, – განაცხადა თბილისის მერმა.