მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო სამუშაოებზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ამიტომ აქ უხეში ჩარევები არ მოხდება.
“ვაკის პარკის წინასაპროექტო სამუშაოებზე ვაცხადებთ კონკურსს, იმისთვის, რომ შევქმნათ პროექტი, რომელიც შემდეგ განხორციელდება. წინასაპროექტო კვლევით, ფუნქციური ზონირება უნდა განხორციელდეს და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უნდა მოხდეს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ეს შემდეგი ეტაპია, როცა უკვე კონკრეტულად პროექტი გვექნება. ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, იქ რაღაც უხეშ ჩარევებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, მგონი ამაში ყველა ვთანხმდებით. ვაკის პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და სასურველი.
ვაკის პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პარკია და ჩვენ მას აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ისე იქნება ყველაფერი, რომ თითოეული ჩვენგანი იამაყებს. საკონკურსო წინადადებების მიღება 14 ივნისს მთავრდება და გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 613 600 ლარია“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ასევე დაგეგმილია ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაც.
“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაკის პარკში არსებული კასკადი, რადგან ვაკის პარკი კასკადის გარეშე მე მგონი წარმოუდგებელია, თუმცა დღეს რა მდგომარეობაშიცაა ეს ულამაზესი კასკადი, ყველამ ვიცით. ძალიან მძიმეა იქ არსებული სიტუაცია, შესაბამისად ამის მოწესრიგება და გალამაზებაც გვინდა. პროექტით, რომელიც უნდა განხორციელდეს, უნდა აღდგეს ქვის საფარი, კიბეები უნდა მოწესრიგდეს, კიბეების გასწვრივ უნდა მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა. კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, ასევე საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. ამასთან კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო სისტემა, მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს ახალი თანამედროვე სადგურით“, – აღნიშნა კახა კალაძემ და დასძინა, რომ წინადადებების მიღება კასკადზე 19 ივნისს სრულდება, პროექტის ღირებულება 320 000 ლარია.