კალაძე: ხვალიდან აეროპორტის გადასახვევის რეაბილიტაცია იწყება

741

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან აეროპორტის გადასახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მისი თქმით, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მონაცვლეობით გადაიკეტება გზის ერთი მხარე.

“ხვალ ვიწყებთ კიდევ ერთ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს. თქვენ იცით, რომ კახეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, გვინდა, აეროპორტის გადასახვევის, ევროპის ქუჩის განახლება. იქაც მძიმე მდგომარეობაა. ხვალიდან ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პირველ ეტაპზე ჩაიკეტება ერთი მხარე და მოძრაობა ცალ მხარეს იქნება შესაძლებელი. დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება ამ სამუშაოების განხორციელებას. აქაც ყველაფერი მოწესრიგდება: გამწვანება, გარეგანათების სისტემა, თავისი ბოძებით და ა.შ.

ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი პირველად ჩამოდის საქართველოში და გამოივლის ამ ცენტრალურ გზას, ის ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ პირველი შთაბეჭდილება შეექმნას ჩვენს ქალაქზე. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძალიან მაგარ ტემპში. მთლიანად სახეშეცვლილი იქნება როგორც ცენტრალური მაგისტრალი, ასევე, ევროპის ქუჩაც. დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაჯდება ამ სამუშაოების განხორციელება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.