სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობას იწყებენ

871

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები წარმოადგინა.

2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს და სამინისტროს წარუდგინოს. ნარჩენების მართვის დაგეგმვის მიზანია, გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები და სისტემები.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეში მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შემუშავდეს და იგი 2016 წლის 1-ლი აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ უნდა შეესაბამებოდეს.

დოკუმენტის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლისათვის ყველა ღია ნაგავსაყრელი დაიხურება, ახალი კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.