კალაძეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟებას სთავაზობენ

834

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გიორგი ესვანჯია პროექტის – “უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის” განხილვას სთხოვს. ესვანჯია მერიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსებში სიჩქარის შემზღუდავი ჭკვიანი მოწყობილობების დამონტაჟებას სთავაზობს.

“პროექტი გულისხობს თბილისის ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსების აღჭურვას სიჩქარის შემზღუდავი ჭკვიანი მოწყობილობებით, რაც უზრუნველჰყოფს მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობას. შესაბამისად, მინიმუმამდე შემცირდება სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მიღებული ფიზიკური და მატერიალური ზარალი.

მოწყობილობა არის ქართული პროდუქტი რომელიც შეიქმნა “TTM-Group-ის” მიერ და წარმოეადგენს ინოვაციას ავტომობილის აქტიური უსაფრთხოების სისტემის სფეროში, მოწყობილობა GPS ტრეკერთან ერთად მონტაჟდება ავტომობილში და მძღოლისაგან დამოუკიდებლად ზღუდავს ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეს გზაზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტის მიხედვით.აღნიშნული პროდუქტი გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას და გაამარტივებს ავტოპარკის კონტროლისა და ავტომატიზაციის პროცესებს”, – განმარტავს გიორგი ესვანჯია.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2 503  ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია გიორგი ესვანჯიას იდეა განიხილოს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  77 მიმდინარე, 341 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 20 განსახილველი,  869 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.