ისნის რაიონის გამგეობამ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყბა-რეაბილიტაცია განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამურად 464 717 ლარი დაიხარჯა.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის ახალი სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის, N11 კორპუსის მიმდებარედ და ავლაბარში, კვეზერელი -კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.
ასევე, მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინვენტარით განახლდა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11, N39 და N5-გ კორპუსების მიმდებარედ.
პროექტების ფარგლებში, მოედნებზე მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, ფეხბურთისა და კალათბურთის კარებები და ფარები, ასევე LED განათების თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა. მოედნები შემოიღობა მაღალი ბადეებით და შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ასევე, ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. ხოლო, კამპანიის “გაუფრთხილდი ქალაქს“ ფარგლებში, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები .