სამგორის რაიონში სამი სპორტული მოედნის მოწყობას ნახევარ მილიონამდე მოხმარდება

850

სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოებს კომპანია “პე ბე“ ასრულებს.

ასევე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. მათივე ცნობით, 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა.

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს “გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს.

ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა, ასევე, ვარკეთილის II რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედაც მიმდინარეობს, რომელიც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირდება. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კომპანია “პარმა“ აწარმოებს.

სამივე სპორტული მოედანი მაისში გაიხსნება. პროექტების განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 450 000 ლარი დაიხარჯება.