თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარის ნაცვლად 70 ათასი ლარით დააფინანსებს. მისი თქმით, გასულ წელს მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის 10 ოპერაცია დააფინანსა.
როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებულნი.
“დედაქალაქის მერია 60 000 ლარით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა, დაახლოებით, 120 000 ლარი ჯდება და ჩვენ ნახევარით – 60 000 ლარით – ვაფინანსებთ, თუმცა დღეს შემოგვაქვს ცვლილება: ვამატებთ კიდევ 10 000 ლარს, ანუ 70 000 ლარით დაფინანსდება ეს ოპერაცია. გასულ წელს 10 ოპერაცია დავაფინანსეთ. ჩვენ გვაქვს მზაობა, მხარში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი და ყველას ვუსურვებ, არავის არ დასჭირდეს ასეთი ტიპის ოპერაცია.
ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტში თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.