საპარლამენტო თემატური მოკვლევა – ახალი შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

1814

საქართველოს პარლამენტმა ახალი საზედამხედველო მექანიზმი – თემატური მოკვლევა აამოქმედა.

“თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან დიალოგს  უფრო ეფექტიანად წარმართავს და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების შესახებ”, – ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ახალი მექანიზმის უმთავრესი ფუნქცია შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბოლო პერიოდში პარლამენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებაზე. ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ქვეყანაში შეასრულოს იმისგან განსხვავებული როლი, ვიდრე ტრადიციულად ასრულებდა. როგორც იცით, პარლამენტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად საკანონმდებლო საქმიანობით იყო დაკავებული და ნაკლებად ახორციელებდა საკონტროლო ფუნქციებს, ანუ ნაკლებად აკვირდებოდა იმას, თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ნაკლებად იკვლევდა იმ თემატიკებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერსებს. ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ეს მიმართულება ძალიან სერიოზულად არის გაძლიერებული, თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო პროფესიონალური და სიღრმისეული გახდეს პარლამენტის საქმიანობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ახალი მექანიზმის ამოქმედება პარლამენტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის – „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით მოხერხდა.

როგორც შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, მუნხტუია ალთანგერელმა აღნიშნა, თემატური მოკვლევა საპარლამენტო ზედამხედველობის მძლავრი მექანიზმია, რომელიც პარლამენტარებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით კი, საზოგადოება პარლამენტის მხრიდან ელოდება, დაინახოს, რას საქმიანობენ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს პარლამენტის ეფექტურად მუშაობას თემატურად, შინაარსობრივად და კონცენტრირებულად, უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ერთ-ერთი მათგანი სწორედ თემატური მოკვლევაა.

რა არის თემატური მოკვლევა და როგორ დაეხმარება ის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს საკითხების აქტუალიზებაში?

ჩუგოშვილის თქმით, ეს არის შესაძლებლობა, კონკრეტულ პრობლემურ საკითხზე პარლამენტმა ფოკუსირებულად იმუშაოს, შეისწავლოს საკითხი, მიმართოს საქართველოს მთავრობას თუ სხვა შესაბამის უწყებას და მოსთხოვოს მისი მოგვარება. მისივე განმარტებით, საკითხის მოკვლევისას უმთავრეს კომპონენტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავადაც შეუძლიათ კონკრეტული საკითხის აქტუალიზებისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართონ.

“ეს არის მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად არის დამკვიდრებული ევროპული, განვითარებული პარლამენტების პრაქტიკაში. არ არსებობს კარგი პარლამენტი, რომელიც თემატურ კვლევებს არ იყენებს ძალიან ეფექტურად და კარგად იმისათვის, რომ მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირებულად იმუშაოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ჩუგოშვილი თქმით, პროცდურა ასეთია: პარლამენტი დროის გარკვეულ პერიოდში (საქართველოს კანონმდებლობით, 3 თვის ვადაში) საზოგადოებას აცნობებს, რომ კონკრეტულ მნიშვნელოვან თემებზე იწყება ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოგროვება ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან.

“ამის შემდეგ ვაგროვებთ რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, ნებისმიერი ტიპის ანალიტიკურ ინფორმაციას, ვმართავთ ღია შეხვედრებს და ვპოულობთ გამოსავალს სიტუაციიდან. ანუ, პარლამენტმა ჩატარებული მოკვლევის შედეგად უნდა თქვას, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება და შემდგომ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო მოკვლევის პილოტირება 2018 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა განახორციელა. კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინფორმაციით, საპილოტე მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარდა. შემუშავებული რეკომენდაციებით კი შესაბამის უწყებებს მიმართეს.

როგორც გაირკვა, ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს ექვსი თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხებზე: ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისში, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა, მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში, სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა.

“სულ მალე ჩვენ დაგვემატება ბევრი სხვა მოკვლევა. იმიტომ, რომ კომიტეტებმა და პარლამენტის წევრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ მექანიზმების გამოყენება. პარლამენტმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა კანონმდებლობაში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

იმისათვის, რომ პარლამენტის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის უფრო გასაგები იყოს, თუ რა მექანიზმია საპარლამენტო მოკვლევა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, შემუშავდა საპარლამენტო თემატური მოკვლევის გზამკვლევი, რომელშიც ვესტმინსტერის მოდელის გამოყენებით შეიქმნა. შეხვედრაზე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელმა საქართველოში, ბორის ნადირაძემ აღნიშნული გზამკვლევი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა. გზამკვლევში აღწერილია მოკვლევის სრული ციკლი – თემის შერჩევა, ოფიციალური გამოცხადება, დასაბუთებული ინფორმაციის შეგროვება, ზეპირი მოსმენების ჩატარება და ანგარიშის წარდგენა.

ახალი რეგლამენტის თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო, იხვეწება საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია და მისი განხორციელების მექანიზმები. სავალდებულო თემატური მოკვლევებიც ამ ახალი პროცედურების ნაწილია.