თბილისში ველობილიკებსა და “ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის, ხიზანიშვილის, ვეკუასა და კანდელაკის ქუჩებზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები გამოყოფილი, პირველი ეტაპისთვის 300-მდე ვიდეოკამერის დამონტაჟების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ გამოცხადდეს სახელმწიფო ტენდერი. მზადდება ტექნიკური დავალება. შესაბამისად, წელს რომელი ქუჩების რეაბილიტაციაც მოხდება, მაგალითად, ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩაზე წელსვე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სიჩქარესაც გააკონტროლებს“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები დამონტაჟების პროცესშია შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე.
“გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაძის მოედანზე ჩვენ დამონტაჟებული გვაქვს სპეციალური შუქნიშანი, რომელიც ავტობუსს აძლევს პრიორიტეტს, ჯერ მას ატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილებს. ასეთი შუქნიშნები დამონტაჟდება ყველა კვანძზე. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კანდელაკის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. ამ დროისთვის დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, 300 ადგილზე დამონტაჟდება“, – განაცხადა მუმლაძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.