თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისის თვეში წარედგინება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული გენერალური გეგმა თბილისის მერიას უკვე გადაეცა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ივლისში საზოგადოებას აღნიშნულ გეგმას განსახილველად წარუდგენენ. კერძოდ, განხილვები მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურის სამსახურში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში და ბოლოს დოკუმენტი განსახილველად თბილისის საკრებულოში შევა.
დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე თბილისის საკრებულო აღნიშნულ დოკუმენტს დაამტკიცებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი