კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკირებისთვის ადგილი მოეწყობა

3006

კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკირებისთვის ადგილი მოეწყობა, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, სამდონიანი პარკირების ადგილის მოწყობა კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე გამავალ ორ პატარა ქუჩაზე საკომუნიკაციო და წყალკანალიზაციის სისტემის გამოცვლა უკვე მიმდინარეობს.

დავით ნარმანიას თქმით, კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 30 სახლის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათონელის ქუჩასაც. ამასთან, მშრალ ხიდზე მხატვრებისთვის ახალი სტელაჟები დაიდგმება.

სრულად პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის 2018 წელს დასრულდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი