თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და საარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.
როგორც თბილისის განვითარების ფონდში განმარავენ, რეაბილიტირებულ არეალში მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც კეთილმოეწყობა, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის.
პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან”, – აცხადებენ თბილისის განვითარების ფონდში.