კალაძე: მეორადი საბურავებისა და დაშლილი ნაწილების გაყიდვა მკაცრად გაკონტროლდება

946

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება. მისი თქმით, აღნიშნული მასალების განთავსება და რეალიზება მხოლოდ დაშვებულ ზონაში იქნება ნებადართული.

“ჩვენ ამას გვკარნახობს მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმა. ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, გენგეგმაში ასევე, კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები აისახა, სადაც განაშენიანება აღარ მოხდება.

ფოტო: Pepper.ge