თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. მისი თქმით, დიდ დიღომში ოთხ მისამართზე უკვე გამოვლენილია ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინებს ააშენებენ.
“ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება ჩვენ დაწყებული გვაქვს, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და მოვედით თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. თქვენ იცით, რომ 3 000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ჩვენ მათ პირობა მივეცით, რომ აუცილებლად მოვუგვარებდით ამ პრობლემას.
ცხადია, თავიდან ამის არავის სჯეროდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გაწბილებულები იყვნენ, ხდებოდა დაპირებები და ეს დაპირებები არ სრულდებოდა. თუმცა, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები.
იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში ოთხ ისამართზე და ოთხივე ადგილზე გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას განახორციელონ ეს პროექტები და შედეგად 200-მდე დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა ფართები საკუთრებაში, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდეს”,- განაცხადა კალაძემ.