ახალი ტყის კოდექს“ ხე-ტყის გრძელვადიან ლიცენზირებას საერთოდ აღარ მოიაზრებს. ლიცენზიების გაცემა ტყის მდგრადი მართვის კონტექსტში არ ჯდება. თითოეულ ლიცენზიანტს 2 მილიონ ლარზე მეტის ზარალი აქვს გარემოსთვის მიყენებული, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ახალ ტყის კოდექსზე საუბრისას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე განმარტებით, უკვე გაცემულ ლიცენზიებს ცვლილება არ შეეხება. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, ლიცენზიების გაცემა ცუდი პრაქტიკა იყო და 2012 წლიდან ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზია ფაქტობრივად აღარ გაცემულა, წინა წლებში გაცემული ლიცენზიების ნაწილი კი დარღვევების გამო გაუქმებულია.
“ლიცენზირებამ არ მოიტანა დადებითი შედეგი არც ბიუჯეტისთვის და ამასთან, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა. დაახლოებით, 70 მრავალწლიანი ლიცენზიაა 2006-2010 წლებში გაცემული. ლიცენზიანტები ნაკისრ ვალდებულებებს არ ან ვერ ასრულებდნენ, რის გამოც ლიცენზიები უქმდებოდა და ახლა აქედან 38-მდე ლიცენზიაა დარჩენილი“, – განაცხადა ამირგულაშვილმა.
მისივე თქმით,ახალი ტყის კოდექსით მოხდება ხე-ტყის მრავალმიზნობრივ სარგებლობაზე გადასვლა და ქვეყნაში ეტაპობრივად აღდგება სატყეო მეურნეობები.
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი ტყის კოდექსი უკვე გადაუგზავნა.
“საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება“, – აღნიშნულია კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათში.