თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 თებერვალს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ტენდერი მეშვეობით უახლოეს მომავალში გამოავლენს კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებს დემონტაჟს ჩაუტარებს.
“მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა და პირადად ჩემთვის და ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ საძირკვლის ჩასასხმელად ტრანშეები უკვე გათხრილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო, რომ მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია.
მინდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და მის ყველა თანამშრომელს, მადლობა გადაგიხადოთ დროული რეაგირებისთვის. გააგრძელეთ მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალური თანადგომა გექნებათ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან
არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, ვინმე ამას დაუკანონებს. ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება მოახდინეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს”, – განაცხადა კალაძემ.