სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

1547

საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პროგრამის მაქსიმალური ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება, თითო პროექტის დაფინანსება კი ერთ მილიონს არ უნდა აღემატებოდეს. დაფინანსების მისაღებად, პროექტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მისი მიზანი სტიქიის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შემცირება უნდა იყოს.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა, ხევისა და მდინარის კალაპოტების ნატანისგან წმენდა, სანიაღვრეების, წყალგამტარი მილების, დამცავი კედლების, სახიდე გადასასვლელების მოწყობა/რეაბილიტაცია და სხვა პროექტები დაფინანსდეს.

პროექტი, შეიძლება, განხორციელდეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე მუნიციპალიტეტში. შესაბამისი წინადადება კი მუნიციპალიტეტის მერმა, მერებმა ან სახელმწიფო რწმუნებულმა უნდა წარადგინონ. პროექტები, რომლებიც საკრებულოების მოწონებას დაიმსახურებენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიგზავნება. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სახსრების გამოყოფას ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.