არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვით, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კოდექსიდან ამოღებას ითვალისწინებს, კანონი დაარღვიეს.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, კოტე კანდელაკის თქმით, პარლამენტს, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტების გაუქმებისა და ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ დადგენილება უნდა მიეღო და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც 12 თვითმმართველი ქალაქის ჩამონათვალიდან 7-ის ამოღებას ითვალისწინებს.
“საპარლამენტო კომიტეტებმა განიხილეს “თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც კოდექსის გარდამავალ დებულებას ეხება და სადაც თვითმმართველი ქალაქებია ჩამოთვლილი. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლითაც, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება, მაშინ, როცა ამავე “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, პარლამენტს ჯერ უნდა მიეღო დადგენილება 14 თვითმმართველი ერთეულის გაერთიანების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა კოდექსში შესატან ცვლილებებზე. სანამ პარლამენტს დადგენილება არ აქვს მიღებული, აბსურდია კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ჯერ დადგენილებით უნდა მოხდეს ამ მუნიციპალიტეტების გაერთიანება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიდეს კანონში ცვლილებები, რომ 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი გვაქვს. ახლა რა გამოდის? დეპუტატებმა წინასწარ იციან, რომ დადგენილება გავა და ეს ყველაფერი ფორმალობაა? ლოგიკა ასეთია – ჯერ უნდა გაუქმდეს ორი თვითმმართველი ერთეული და მის ბაზაზე შეიქმნას ერთი. კანონში ცალსახად წერია, რომ ამის შესახებ დადგენილებას იღებს პარლამენტი, ხოლო შემდეგ კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები და თვითმმართველი ქალაქების ჩამონათვალი შეიცვალოს. თეორიულად, რომ მოხდეს ისე, რომ პარლამენტმა დადგენილება არ მიიღო, რა გამოდის? კანონი, პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით, უკვე მიღებული გვექნება, თუ რომელი თვითმმართველი ქალაქები დარჩა ქვეყანაში და ამ დროს, ისინი დადგენილებით გაუქმებული არ იქნება”, – ამბობს კოტე კანდელაკი.
კითხვაზე, რატომ უშვებს პარლამენტი ამ შეცდომას და რატომ არღვევს კანონს, კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა სურვილია, დროულად მიიღონ ცვლილებები და ადგილობრივ არჩევნებს ნაკლები თვითმმართველი ქალაქით შეხვდნენ. “ჩქარობენ, რომ სასესიო კვირაში პარლამენტის დღის წესრიგში ჩასვან საკითხი და ცვლილებები დროულად დაამტკიცონ, ამიტომაც არღვევენ კანონს. მათი მთავარი ამოცანაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნაკლები თვითმმართველი ქალაქით შეხვდნენ”, – აცხადებს ექსპერტი.
კანდელაკის მოსაზრებებს იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილიც. მისი თქმით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” პირდაპირ წერია, რომ მუნიციპალიტეტების შერწყმა და გაყოფა ხდება პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებით. შესაბამისად, მხოლოდ დადგენილების მიღების შემდეგ უნდა ემსჯელა პარლამენტს კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
“განმარტებით ბარათშიც უწერიათ, რომ პროექტით დადგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების ჩატარების წესი და განისაზღვრება, რომ მორიგი არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებში, გარდა დადგენილებით განსაზღვრული ახალი ოპტიმიზაციის შემთხვევებისაო. ანუ ჯერ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაცია და 14 მუნიციპალიტეტი შვიდამდე შემცირდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიდეს კოდექსში ცვლილებები. ახლა რა გამოდის? რომ პარლამენტის კომიტეტებმა ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს იმ დადგენილების საფუძველზე, რომელიც ჯერ არ არსებობს?! ხომ შეიძლება, პარლამენტმა არც მიიღოს ეს დადგენილება? მაშინ რა ცვლილებები შეგაქვს კანონში?”, – კითხულობს ირმა პავლიაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს მიმართავენ, პარლამენტის მიერ კანონის დარღვევა ერთ-ერთ მტკიცებულებად წარედგინება. “სასამართლოს მოუწევს, მიიღოს ეს ფაქტი ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით, სხვა დარღვევებთან ერთად, პარლამენტმა ამ შემთხვევაშიც დაარღვია კანონი. მას მოუწევს მსჯელობა ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ პროცესში დაფიქსირდა და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ირმა პავლიაშვილი.
საია-ს წარმომადგენლის თქმით, პროცესში იყო არაერთი დარღვევა. გარდა იმისა, რომ პარლამენტმა კანონის დარღვევით, დადგენილების მიღებამდე იმსჯელა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, ასევე, არ ჩატარებულა საჯარო კონსულტაციები მოსახლეობასთან, რომელსაც რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას კანონი ავალდებულებს. დარღვევები იყო, ასევე, საკრებულოების მიერ საკითხის განხილვის პროცედურებშიც. ყველა ამ მტკიცებულების ერთობლიობით კი, დადგენილებას, გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გაუქმება ემუქრება.