თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვერეს ხეობის რევიზია განხორციელდა და დადგინდა, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული.
“ვერეს ხეობაში ნებართვას რაც შეეხება, როდესაც ჩვენ მოვედით, მთლიანად ვერეს ხეობის რევიზია დავიწყეთ. საუბარი იყო 4 ობიექტზე. ერთი იყო სასწრაფო დახმარების ცენტრი, რომელიც ახალ გზაზე იყო, მეორე – გვირაბიდან გამოსასვლელ გზასთან, რომელიც განსაკუთრებული სარეკრეაციო ზონაა. ასევე, “იკეას” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ობიექტი იყო. ჩვენ ნებართვა ორ მათგანზე გავაუქმეთ, იმიტომ რომ არასწორად იყო გაცემული, არ შეესაბამებოდა იმ სტატუსს, რასაც იქ არსებული მიწები ითვალისწინებდა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორ შენობა-ნაგებობას, ერთი არის სავაჭრო ცენტრი, ხოლო მეორე – სასტუმრო. აღნიშნულზე პროექტები შეთანხმებული იყო. ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში მოცულობების შემცირება მოხდა – დაახლოებით 30 000 კვ.მ უნდა აშენებულიყო და 20 000 კვ.მ-მდე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, არსებული მიწის ნაკვეთის გასწორება მოხდა, რომ ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მთელი ვერეს ხეობის კვლევა ჩაატარა და გვაქვს კონკრეტული დასკვნები, რომ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 13 ივნისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ ვერეს ხეობაში საჭირო ღონისძიებები გატარდა.
“იმის გათვალისწინებით, რომ 13 ივნისის ტრაგედია გვახსოვს, მას შემდეგ ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაცია, რომლებმაც პირდაპირ მიგვითითეს, რომ აუცილებელი იყო გარკვეული ღონისძიებების გატარება. პირველი – ვერეს ხეობის კალაპოტში ნატანდამჭერი ცხაურების დამონტაჟება, რაც სავალდებულო იყო და ასევე საალარმო სისტემა, სიგნალი, რომელიც მოგვცემდა იმის შესაძლებლობას, რომ მიწის ჩამოშლის ან მსგავს შემთხვევაში, მაშინვე მივიღებთ სიგნალს. ორივე პროექტი გავითვალისწინეთ და განვახორციელეთ, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის თანახმად, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”,- აღნიშნა თბილისის მერმა.