რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მათივე ცნობით, გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება და ის ტურისტულ ზონაში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი წყალარინების ხუთი ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს, მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია და შესული წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს.
“თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
2019 წელს კომპანია გუდაურში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმას. კერძოდ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მშენებლობას. ასევე, გუდაურის ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსებ სამუშაოებს.
გარდა ამისა, კომპანიამ წლის დასაწყისში გუდაურის ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო 11 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები დაასრულა“, – განმარტავენ სამინისტროში.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.