აუტისტური სპექტრის მქონე 1 000 ბავშვის დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

673

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე 1 000 ბავშვს დააფინანსებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით დაფინანსება 445 000 ლარით იზრდება და პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

“დედაქალაქის მთავრობა ამ მიმართულებით წლებია მუშაობს და დღეის მდგომარეობით 850 ბავშვს ვაფინანსებსთ, რომლებიც გადანაწილებული არიან სხვადასხვა დაწესებულებაში. 7 დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს, თუმცა, როდესაც საკრებულოში ვიყავი მისული, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა შეკითხვა, თუ იყო შესაძლებელი, რომ გაგვეზარდა ბავშვთა რაოდენობა, ვისაც დედაქალაქის მერია დააფინანსებდა.

მე როგორც ვიცი, 130-ზე მეტი ბავშვი იყო მოლოდინის რეჟიმში ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია თავად იყო ჩართული ამ პროცესში და ჩვენ ერთობლივად, ამ ოპოზოციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დავსხედით და მივიღეთ გადაწყვეტილება 1 000 ბავშვამდე გაგვეზარდა რაოდენობა და სრულად დაგვეკმაყოფილებინა ის ოჯახები და ბავშვები, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, დაახლოებით, 3 700 000 ლარს ვხარჯავდით ახლა კი ამ მიმართულებისთვის დამატებით 445 000 ლარი გამოიყოფა, რომ ამ ოჯახებს და ბავშვებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.

ოპოზიციურ პარტიას თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო”, – განაცხადა კალაძემ.