მარეკ კუბერსკი: თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გჭირდებათ, ამიტომაც თავად უნდა შეარჩიოთ განვითარებისკენ მიმავალი გზები

1473

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

პოლონეთი და საქართველო ის ორი ქვეყანაა, რომლებიც, თავისი წარსულით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. პოლონეთიც, ისევე, როგორც საქართველო, საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი იყო – ქვეყანა განვითარების არცთუ ისე მაღალი დონით, ერთპარტიული ტერორითა და ცენტრალიზებული მმართველობით.

მანაც, საქართველოს მსგავსად, 1989 წელს მოახერხა, გათავისუფლებულიყო კომუნიზმისგან და პოლიტიკური კურსი დასავლური დემოკრატიისკენ აეღო. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 30 წლის განმავლობაში, პოლონეთმა განვითარების ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ დღეისათვის მას საქართველოსა და მსგავსი განვითარების ქვეყნების მხარდაჭერა შეუძლია. ამ წარმატებაში კი არცთუ უკანასკნელი როლი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასაც მიუძღვის.     

სწორედ პოლონური გამოცდილება დაედო საფუძვლად 2014 წელს საქართველოში დაწყებულ ადგილობრივითვითმმართველობის რეფორმას, რომელშიც ამ ქვეყნის უწყებები და ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს მხარდაჭერა, პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, დღესაც გრძელდება.

ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის ორგანოების ინსტიტუციური პოტენციალის ამაღლება, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და შშმ პირების მხარდაჭერა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, – ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც, თითქმის ორი ათეული წელია, პოლონეთის მთავრობა საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას უწევს.

კონკრეტულად, რას გულისხმობს პოლონეთის თანამშრომლობის განვითარება, რა პროექტები და პროგრამები ხორციელდება საქართველოში პოლონეთის მხარდაჭერით, ამაზე droa.ge პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მარეკ კუბერსკის ესაუბრა:

– რას გულისხმობს პოლონეთის თანამშრომლობის განვითარება ( Polish Development Cooperation )? რა მიმართულებებს მოიცავს და რა მიზანს ემსახურება, რას ნიშნავს ეს მექანიზმი საქართველოსთვის?

– თანამშრომლობის განვითარება, როგორც კონცეფცია, პოლონეთშიც საკამოდ ახალია. კანონი, რომელიც ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ზოგადად, თანამშრომლობის განვითარება იყოფა ორ ნაწილად. პირველი – ქვეყნები, რომლებიც არიან დონორები და მეორე – ქვეყნები, რომლებიც  მხარდაჭერას იღებენ. ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. არსებობს განვითარების დახმარების კომისია, რომელიც ,,ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის’’ ეგიდით მოქმედებს და   ყოველწლიურად აქვეყნებს პოტენციური ბენეფიციარი ქვეყნების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი მუდმივად იცვლება. მაგალითად, ჩილე, რომელიც ამ დრომდე მხარდაჭერის მიმღები ქვეყანა იყო, გადავიდა შედარებით მდიდარი ქვეყნების სიაში და ახლა თავად გახდა დონორი. ეს, ძირითადად, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე დამოკიდებული და ამ ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ქვეყნები არიან დონორები და რომელი – მიმღებები. 2004 წლიდან პოლონეთმა გადაინაცვლა დონორი ქვეყნების სიაში. ამ პროგრამაში მონაწილეობა არის ჩვენი ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულება, რომლითაც უნდა დავეხმაროთ და მივცეთ განვითარების შესაძლებლობა მიმღები ქვეყნების სიაში შემავალ სახელმწიფოებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არ არის პროგრამა, რომელიც მხოლოდ დახმარებაზეა ორიენტირებული, აქ მნიშვნელოვანია თანამშრომლობაზე აქცენტის გაკეთება,  ეს არ გულისხმობს მიმღები სახელმწიფოს დახმარებას, არამედ ნიშნავს ერთობლივ თანამშრომლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოვდივართ თქვენს ქვეყანაში და თავად არ ვახორციელებთ პროგრამებს. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც შემდგომ კონკრეტული პროექტების რეალიზებას ვახდენთ. რაც მთავარია, ეს პროექტები აუცილებლად მდგრადი  და განგრძობადი უნდა იყოს, რადგან, როცა პროგრამის განხორციელებას დავასრულებთ, მან დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეძლოს. ამიტომაც, პროექტის დასრულების შემდეგ ის კი არ ქრება, არამედ რეალური შედეგები რჩება და უფრო მეტიც – ხდება მისი განვრცობა. თანამშრომლობის განვითარების კეთების პოლონური ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვახვევთ თავს ჩვენს ინტერსებს ბენეფიციარ ქვეყანას, არამედ პირიქით, მუდმივად ვეკითხებით პარტნიორებს, რა სჭირდებათ და ამის შესაბამისად ვსახავთ და ვახორცილებეთ ახალ პროექტებს.

– ვინ არიან ქვეყანაში თქვენი პარტნიორები, მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიც?

– აღსანიშნავია, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, დამთავრებული არასამთავრობო ორგანიზაციებითა და უნივერსიტეტებით. როგორც წესი, ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში  ამ მიმართულებით განვითარების სპეციალური  უწყებებია შექმნილი, რომელიც სახელმწიფო ორგანოა. სწორედ მათი საშუალებით ახდენენ ქვეყნები ბენეფიციარ ქვეყნებთან მუშაობას. პოლონეთს ამგვარი სააგენტო არ გააჩნია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს. რადგან ასეთი უწყება არ გვაქვს, რომელიც ბენეფიციარ მთავრობებთან ურთიერთობას პირდაპირი გზით დაამყარებდა, ჩვენ შევქმენით „საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი“, რომელიც  ჩვენსა და ამ შემთხვევაში, თქვენს ქვეყანას – საქართველოს შორის ურთიერთობის ინსტრუმენტად გვევლინება. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ რიგ პროექტებს, თუმცა, ეს მაინც ფონდია და მისი შესაძლებლობები და სამოქმედო არეალი შეზღუდულია. გვაქვს თანამშრომლობის მეორე ინსტრუმენტიც, რომელიც სამთავრობო უწყებებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას გულისხმობს, მაგალითად, პოლონეთისა და საქართველოს შს სამინისტროებს შორის ასეთი თანამშრომლობა არსებობს და ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებენ. კიდევ ერთი ინსტრუმენტი არის პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვაცხადებთ კონკურსებს და წესისამებრ, ამ ორგანიზაციებს შემოაქვთ პროექტის განაცხადები, საკმაოდ გრძელი და რთული პროცესის შედეგად, საუკეთესო პროექტებს ვარჩევთ და ეს ორგანიზაციები მათ ახორციელებენ. ვთანამშრომლობთ, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, უნივერსიტეტებთან და ა.შ. თუმცა, ვხედავ დიდ საჭიროებას, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, პოლონეთმაც შექმნას განვითარების სახელმწიფო უწყება იმისათვის, რომ ეს საქმიანობა უფრო მოქნილი, პირდაპირი  და ეფექტიანი გახდეს. რადგან, ჩემი ღრმა რწმენით,  თანამშრომლობის განვითარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და ამავდროულად, მისი შემადგენელი ნაწილიცაა.

როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა პოლონეთის დახმარების პროგრამაში შემავალ  ქვეყნებთან დაკავშირებით ? რა პრიორიტეტები გაქვთ საქართველოში?

-ზოგადად, თანამშრომლობის განვითარებას პრიორიტეტების კუთხით ორი ძირითადი მიმართულება აქვს,  გეოგრაფიულ და თემატური. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად პრიორიტეტული  ქვეყნების რიცხვი 12-ია, მათგან 4 აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი სახელმწიფოებია – უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო.

საქართველოსთან მიმართებით ორი მთავარი პრიორიტეტი გვაქვს – ხელშეწყობა კარგი მმართველობის ჩამოყალიბების პროცესში და ადამიანური კაპიტალის შექმნა. კარგი მმართველობა მოიაზრებს უფრო გაუმჯობესებული მმართველობის სტრუქტურის შექმნას, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. რაც შეეხება ადამიანურ კაპიტალს, აქ მოიაზრება, ძირითადად, სოციალური პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ვითარება გააუმჯობესოს. მაგალითად, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერის პროექტი განვახორციელეთ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს ინფორმაციაც კი არ ჰქონდა, რომ უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები მის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მათ კონკრეტული პროგრამები ესაჭიროებოდათ.

– კიდევ უფრო დაგვიკონკრეტეთ, რა ტიპის პროექტებს ახორციელებთ საქართველოში და რა პრობლემები იკვეთება, რომელზეც ქვეყანამ უნდა იმუშაოს?

– რამდენიმე გამოწვევაა. პირველი სტრუქტურული საკითხებია. მაგალითად, ჩვენ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორცილების  ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი დონის საჯარო მოხელეებს ჩავუტარეთ ტრენინგები იმისათვის, რომ მათ სცოდნოდათ, რას ითვალისწინებდა ეს შეთანხმება და შემდეგ ეს ცოდნა საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისას გამოეყენებინათ ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრაში.  ზოგადად, აქტიურად ვახდენთ ქართველი საჯარო მოხელეების გადამზადებას პოლონეთში, რათა მათ მიიღონ უფრო მეტი ცოდნა და კვალიფიკაცია. ამ მიმართულებით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საქართველოს სამინისტროებთან, მაგალითად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

გარდა ამისა, უკვე 10 წელია, რაც რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ დაწყებულ რეფორმებს მხარს ვუჭერთ. ეს პროგრამა 2008 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

– საქართველოში თვითმმართველობის რეფორმას რამდენიმე ეტაპი ჰქონდა. ბოლო რეფორმა, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სწორედ პოლონურ გამოცდილებას ეფუძნებოდა. ამჯერადაც ვიწყებთ დეცენტრალიზაციის მორიგ ციკლს, რომლის განხორციელებამდეც, სტრატეგიის შესამუშავებლად, მთავრობის გარდა, ასევე, მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ძლიერი თვითმმართველობით და დეცენტრალიზაციით გაუმკლავდეს ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით საქართველოს უფრო მეტ მხარდაჭერას იმისათვის, რომ თქვენი გამოცდილება ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს დეცენტრალიზაციის პროცესში?

– ჩვენ მზად ვართ ამ გამოცდილების გასაზიარებლად და იმპლემენტაციისთვის. თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს სპეციალური თავები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს, ეს იქნება გარემოს დაცვა, რეგიონული პოლიტიკის შემუშავება და ა.შ. ამ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისთვის აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მჭიდრო თანამშრომლობა. ერთია, ჩვენ რას ვფიქრობთ, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმა და მეორეა, თავად სახელმწიფო როგორ კოორდინაციას ახდენს მის განსახორციელებლად. ჩვენი ექსპერტები მუდმივად ჩართული არიან ამ პროცესში და აქტიურად მონაწილეობენ.

რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებზე ვსაუბრობთ, აქვე აღვნიშნავ,  სკოლამდელი განათლების სფეროს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ერთობლივი პროექტები განვახორციელეთ საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, 2014 წელს კანონის მიღებით და რეფორმის დაწყებით ადრული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში, ადგილობრივი თვითმმართველობები აღიჭურვნენ არაერთი კონკრეტული უფლებამოსილებითა თუ  ვალდებულებით. სწორედ ამიტომ ეს სფერო ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა. გამოვყოფდი პოლონური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების – „ედუკატორის“ და „კივიტას გეორგიკას“ პროექტებს, რომლებიც რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება. ამ პროექტებით ხდება ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი სტრუქტურებისთვის  იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლიათ, გადაწყვიტონ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული  გამოწვევვები და როგორ განახორციელონ ის ვალდებულებები, რაც მათ კანონმდებლობით დაეკისრათ.

ადგილობრივ თვითმმართველობის სფეროში სამი მთავარი მიმართულება გვაქვს:  1. სოციალური პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე, 2. სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება 3. წყალი და წყლის მენეჯმენტი.

– რაც საქართველოსთან თანამშრომლობთ, ხომ არ გამოყოფდით ყველაზე წარმატებულ პროექტებს?

– სიამოვნებით. პირველ რიგში, აუცილებლად გამოვყოფ პროექტებს, რომლებსაც სკოლამდელი განათლების სფეროში საქართველოს მხრიდან  „კივიტას გეორგიკა “ და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორი“ ახორციელებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ პროექტების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 200-ზე მეტ ადგილას გაიხსნა სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ცენტრები. ეს არის ხელშესახები პროექტები, რომლის შედეგებიც თვალნათლივ ჩანს. სასიამოვნოა, ჩვენთვის იმის მოსმენა, რომ ეს წარმატება პოლონურ გამოცდილებას და მოდელს ეფუძნება.  ახლა განსაკუთრებით აქტუალური ხდება თავად ადგილობრივ თვითმმართველობებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ როგორ შექმნან ასეთი ცენტრები, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი  მომავალში ამ ცენტრების ფუნქციონირებას. პოლონეთის  თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში 2017 წელს  გავაფორმეთ ხელშეკრულება UNICEF-ის საქართველოს ოფისთან, რათა სკოლამდელი განათლების სფეროში ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. ეს პროექტი მოიცავს სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების გადამზადებას და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და საინტერესო პროექტების მხარდაჭერას ვგეგმავთ.

რა თქმა უნდა არსებობს სხვა პროქტებიც, გამოვყოფდი თბილისში მიმდინარე პროექტს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ცენტრი, პოლონეთის კამილელთა ორდენის მესვეურობით ახოციელებს. ასევე, წარმატებული იყო  ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერის  პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა.  ბევრი პროექტი ახლა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, პროცესში ახალი საჭიროებები იკვეთება.

– თქვენ კარგ მმართველობაზე ისაუბრეთ. უფრო მეტი რომ გვითხრათ, რაში გამოიხატება თქვენი მხარდაჭერა ამ მხრივ?

– პირველი გამოწვევა ამ მხრივ საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის ამაღლებაა. ყოველ წელს ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებს ვარშავაში და ქართველი საჯარო მოხელეები ამ ღონისძიებებში ყველაზე მრავალრიცხოვნად არიან წარმოდგენილნი. ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეები. მეორე, როგორც უკვე გითხარით, არის DCFTA-ს განხორციელების კუთხით მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო გარემოს დაცვის საკითხებია. კიდევ ერთი მიმართულება სკოლამდელი განათლებაა,რაზეც უკვე ვისაუბრე და რომელიც დეცენტრალიზაციის საკითხია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადების ხელშეწყობა. ტურიზმზე ფოკუსირებით, ასევე, ვმუშაობთ კრიზისების მართვის მენეჯმენტის გაძლიერებაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.  ეს ეხება ბუნებრივ კატარსტროფებსაც. მოხდა მაშველების გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. ისევ და ისევ გამოვყოფ ,,კივიტას გეორგიკას’’, რომელიც ამ კუთხით, საბავშვო ბაღების მზაობის გაძლიერებას ახდენს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოწყვლადობის დაძლევის კუთხით.

საბოლოოდ,  იდეა არის ის, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ამ კუთხით მხარდაჭერილი ყველა ეს პროექტი კარგი მმართველობის მხარდაჭერას გულისხმობს. 

მოიაზრებს თუ არა პოლონეთის მხარდაჭერა კონფლიქტურ ზონებში არსებულ რეგიონებში მუშაობას? ზოგადად, როგორ შეაფასებთ ასეთი მექანიზმების როლს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ინტეგრაციის კუთხით?

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, კონფლიქტურ ზონებში პირდაპი გზით პროექტებს არ ვახორციელებთ, უპირველესად, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ეს, ასევე, განპირობებულია იმით, რომ არ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული უწყება, შესაბამისად, ვერ მოვთხოვთ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რისკის ფასად ასეთ საფთხის შემცველ რეგიონებში  იმუშაონ.  თუმცა, მაგალითად, უკრაინაში გვაქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტები. საქართველოშიც მზად ვართ, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, თუ კარგ იდეებს წარმოგვიდგენენ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად ხდება პოლონეთის მხარდაჭერის პროგრამების წარმოჩენა მიმღებ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში კი საქართველოში?  მიგაჩნიათ თუ არა,  რომ საჭიროა ე.წ ხილვადობის გაზრდა?

– ცხადია, ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება გვჭირდება, თუმცა, მაგალითად, სკოლამდელი განათლების პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე მაღალია, ვინაიდან  პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები თავად ზრუნავენ ამაზე. ეს ცალსახად წარმატებული პროექტები იყო და არის, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღებაც მიიპყრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს, რას ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ამ პროექტებს ვაკეთებთ ხალხისთვის და ხალხთან ერთად. ეს ორმხრივად უნდა ხდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ იცოდნენ პოლონეთშიც. სწორედ ამიტომ, რომ ხილვადობის გაზრდა პრიორიტეტია, ჩვენ წამოვიწყეთ ფართო საინფორმაციო კამპანია პოლონეთში.  საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციით პოლონური მედია აქტიურად დაინტერესდა. პოლონელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ საქართველოში იმისათვის, რომ ადგილზე გაცნობოდნენ ამ პროექტებს. გაზაფხულზე ისინი კვლავ ჩამოვლენ თქვენს ქვეყანაში და ახალ პროექტებზე მოამზადებენ რეპორტაჟებს. ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს პროგრამებზე სასაუბროდ, იქნება ეს კონფერენციები,  შეხვედრები თუ სხვა სახის ფორმატები,  ხშირად ვსაუბრობთ ამ პროექტებზე იმისათვის, რომ მეტმა და მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ. მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის თანამშრომლობა და არა – ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ამ თანამშრომლობის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების აქტივობებით დავიწყეთ, თუმცა, შემდგომ ეს განვითარების პროექტებში გადაიზარდა.  ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვმართავენ ჰუმანიტარულ დახმარების გაწევის თხოვნით, თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ გვჭირდება პროექტები, რომლებიც იქნება მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რომ თანამშრომლობის განვითარება არის  პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან ბევრი ფაქტორის გააზრება და გათვალისწინება გვიწევს.

– ახალგაზრდული პროგრამები თუ გაქვთ და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პოლონეთის მთავრობა განათლების სფეროში ქართველ ახალგაზრდებს?

– მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნების მომავალია. პოლონეთს აქვს სტეფან ბანახის სახელობის სტიპენდია, რომელიც ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. ეს არის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები და ის, უმეტესად, ტექნიკურ მიმართულებებს მოიცავს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოდან სტუდენტები არ გვყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სწავლა პოლონურ ენაზეა და ენის საბაზისო ცოდნას  მოითხოვს. მე უკვე დავაყენე საკითხი და დავარწმუნე ჩვენი ხელმძღვანელობა, რომ აუცილებელია, ამ პროგრამის დაწყებამდე, უცხოელმა სტუდენტებმა პოლონური ენის ერთწლიანი შემსწავლელი კურსი გაიარონ, რის შემდეგაც ორწლიანი სასწავლო პროგრამის გავლასაც შეძლებენ. ამ მხრივ მეორე წარმატებაა ის, რომ თბილისში ახლადგაიხსნილ პოლონურ ინსტიტუტში 2019 წლიდან  პოლონური ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება.

– დაბოლოს, ჩვენი ინტერვიუ რომ შევაჯამოთ, რას უსურვებდით საქართველოს? თქვენი საქართველოსთან ურთიერთობიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ქვეყანამ უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს? 

– პირველ რიგში, თქვენს ქვეყანს ვუსურვებდი, რომ ის შეცდომები არ დაუშვას, რაც ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენ დავუშვით, იმიტომ, რომ ეს შეცდომები, შესაძლოა, დიდი საფრთხის შემცველი იყოს და ძვირად დაგიჯდეთ. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს შეცდომებზე ისწავლოთ, იმიტომ, რომ ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება ძალიან რთული, ან სულაც შეუძლებელია ხოლმე. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნებს ყოველთვის ვეუბნებით, თუ რას უნდა აარიდონ თავი. წარმატებაზე საუბარი ძალიან კარგია, თუმცა, როცა შედეგს იმ მიმართულებით აღწევ, რაშიც მანამდე არ გქონდა, გაცილებით სასიამოვნოა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის, როცა რაღაცას აკეთებთ, თქვენი  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთოთ, განსაზღვროთ, რა იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის და არა ის, თუ ვის ასიამოვნოთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, ბევრად მეტის გაკეთებას ვისურვებდით,  თუმცა, ჩვენი რესურსები შეუზღუდავი არ არის. აუცილებელია, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი, გააგრძელოს ქვეყანამ განვითარებისკენ სვლა და შუა გზაზე არ მიატოვოს დაწყებული საქმე, რადგან თავიდან დაწყება ბევრ ხარჯს მოითხოვს. თქვენს ქვეყანაში თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გჭირდებათ რეალურად, ამიტომ თქვენ თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეარჩიოთ განვითარებისკენ მიმავალი გზები.