თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი დაიწყება და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა. მისი თქმით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.
“როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ქვეითებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებას, ასევე, “ზებრა გადასასვლელებს“ დიდი ყურადღება ეთმობა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ მისამართზე განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.
ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.