თბილისის მერია ვანდალიზმის პრევენციისთვის პროექტს – “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

954

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების საკვებისთვის განკუთვნილი აპარატის დაზიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. მისი თქმით, თბილსისი მერია მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის პროექტს – “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს.

“რამდენიმე ხნის წინ ქალაქში განვათავსეთ სპეციალური აპარატები, რომლითაც შესაძლებელია მიუსაფარი ძაღლების კვება. საკმაოდ დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ პროექტს. რამდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ, სადაც მოხდა ამ აპარატების განთავსება. პირველ ეტაპზე, ვინაიდან იყო საპილოტე პროექტი, სამი აპარატი დამონტაჟდა სამ მისამართზე. ერთ-ერთი, რომელიც კიკვიძის ბაღში იყო განთავსებული, დაგვხვდა დამტვრეული და დაზიანებული. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ,

სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ქალაქში ხშირია. ჩემი თხოვნა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის -“გაუფრთხილდი ქალაქს“ განხორციელება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროექტებში. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი იქნება ინტერესი, დიდი იქნება საზოგადოების მხრიდან თანადგომა და ჩვენ ერთად გავუფრთხილდებით იმას, რასაც ვაკეთებთ და ვქმნით.

მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქი იყოს გამართული, მოწესრიგებული. ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. შესაბამისად, ყველა თემაზე, რომელზეც მოდის მოქალაქე, აუცილებელია კონკრეტული და ამომწურავი პასუხები. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი არის მათი მსახური“, – აღნიშნა კალაძემ.