ვიცემერმა დაასახელა ფაქტორები, რომლითაც დიდი დიღმის მსგავსი ტრაგედიის არიდება შესაძლებელია

718

ირაკლი ხმალაძის თქმით, რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც შენობაში საგამოძიებო და კვლევითი სამუშაოები დასრულდება. მისი განმარტებით, კონტრაქტორი კომპანიები უკვე მზად არიან სამუშაოების დასაწყებად, რომელსაც თბილისის მერია დააფინანსებს.

რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების შემოღებას, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეგულაციები ასეთ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგან ასეთი რეგულაციების შემოღებამდე, ხმალაძის თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმაც გაიაზრონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და შეამოწმებინონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს მათი დანადგარები.

“რომ მივაღწიოთ იდეალურ უსაფრთხოებას ამას მხოლოდ რეგულაციების შემოღებით ვერ ვიზამთ. ჩვენ რომ მივიღოთ უსაფრთხოების საკმარისი დონე, საჭიროა რამდენიმე კომპონენტი: რეგულაცია, მომსახურების მაღალი დონე და ჩვენც დაკვირვებულები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცემერმა ასევე განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისში ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შსს-მ დიღომში აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი, 28 წლის თორნიკე ტატიშვილი და 62 წლის ვაზელ მამადიანი დააკავა. მათ ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით წარუდგინეს. ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.