დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მუხლი, რომლითაც ექსპლუატაციაში შეუსვლელ ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება დაუშვებელი იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააუქმა და რომ დღეს, კანონით შესაძლებელია იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული.
“რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოვადგინოთ კანონი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, ანუ შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს თითქოს ეს არის კორუფციული სქემა. ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობები, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. მათ ამოიღეს კანონიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ის ქაოტური განაშენიანება და ის პრობლემები, რომელსაც დღეს ვებრძვით, არ მომხდარიყო“,- განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
“პროცესი გრძელდება, კიდევ ბევრი ცვლილება იქნება გადაგზავნილი პარლამენტში და იმედია, მათგან იქნება მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ათჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე, 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე. 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე, სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაიზარდა 20-ჯერ. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი 2-ჯერ გაიზარდა. ასევე, ჩვენ დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამ დარღვევებზე 2018 წლის განმავლობაში გამოწერილია 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა“,- განაცხადა კალაძემ.
ბრიფინგი
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019