აჭარის მთავრობა წინა მთავრობის დროს წამოწყებულ ინიციატივას მინიმუმ ერთი წლით აჩერებს. უფრო კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, არ იგეგმება სამინისტროების და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებისთვის, ერთიანი შენობის აშენება. ცნობისთვის, ამ შენობის აგება, ახლახან მომზადებული პროექტის მიხედვით 28 მილიონი ლარი ჯდება. მხოლოდ პროექტი კი რეგიონის ბიუჯეტს უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შუშის, მაღლივი ადმინისტრაციული ობიექტის მშენებლობას თორნიკე რიჟვაძე ამ ეტაპზე ფუფუნებად მიიჩნევს. მთავრობა მიზანშეწონილობაზე მსჯელობს და ნაყიდ პროექტში, ცვლილებების შეტანას გეგმავს. მესამე სექტორში კი არათანმიმდევრულობაზე აკეთებენ აქცენტს. რას გადაწყვეტს საბოლოოდ აჭარის მოქმედი მთავრობა, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეკონომიკის სამინისტრო იმ შენობების საპრივატიზაციო პოტენციალზე იწყებს ფიქრს, რომლებიც ახლის აგების შემთხვევაში გათავისუფლდება.