კახა კალაძე უპასუხისმგებლო კომპანიების “შავი სიის“ შედგენას არ გამორიცხავს

596

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ჩვენც გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

“2019 წლიდან ვგეგმავთ, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების არსებული პარკი და შემოვიყვანოთ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. ასევე მეტროსადგურებისა და მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად და ამ მიმართულებით მინდა, საზოგადოებას განახლებული ინფორმაცია მივაწოდო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ “სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, თუმცა ამ კონკრეტულმა კომპანიამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, თვითონ სატრანსპორტო კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს და დაასრულოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ჩვენც გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები. მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვის განმავლობაში გაგრძელდა. 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია 7 თვე გრძელდებოდა, რაც კატასტროფაა, უპასუხისმგებლობაა. ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდით არ უნდა ხვდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რომ მსგავსმა კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ შორის, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიების ერთგვარი “შავი სიის“ შედგენაც შესაძლებელია.

“ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და შემდეგ პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ კომპანია უპასუხიმგებლოდ მოიქცა. ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხისმგებლება და შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.