თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი დაავადებული ფიჭვების ნაცვლად, ჯანსაღ ხეებს დარგავენ. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
“გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს, თბილისის მერია ხეებს უკანონოდ ჭრის. საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანსაღი ხეების დაზიანების ფაქტები თავიდან ავირიდოთ.
სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებლად განახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.