ანა მარგველაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ეს არის პოსტსაბჭოთა ლტოლვა ცენტრალიზაციისკენ

1299

საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ. პრემიერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობების გასაძლიერებლად მიიღეს და მათ, ვინც აღნიშნული რეფორმის წინააღმდეგია, სპეკულაციაში ადანაშაულებს.

სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და ის დეცენტრალიზაციის პროცესს შეაფერხებს. 

გთავაზობთ ინტერვიუს ანა მარგველაშვილთან:

ის არგუმენტები, რაც მაქვს მოსმენილი, კრიტიკას ვერ უძლებს. მე მგონია, რომ ეს არის საკუთარი მოქალაქეებისადმი უნდობლობა და პოსტსაბჭოთა ლტოლვა ცენტრალიზაციისკენ, რომლიდანაც ვერ გამოვედით.

-ანა, რას მოუტანს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება როგორც თვითმმართველ ქალაქებს, ისე თემში გაერთიანებულ სოფლებს, რომლებსაც სამი წლის წინ შანსი მიეცათ, ცალ-ცალკე განვითარებულიყვნენ?

– ამ გადაწყვეტილებით ისევ იქ ვბრუნდებით, სადაც 3 წლის წინ ვიყავით. ვინ შეაფასა, რომ ის, რაც გვქონდა 3 წლის წინ, კარგი იყო? ვინ თქვა, რომ უკეთესი იყო, როცა თანხები ქალაქსა და სოფელს შორის არაპროპორციულად ნაწილდებოდა და ვისაც უფრო კარგი ლობი ჰყავდა, იქ მეტი იხარჯებოდა? 3 წლის წინანდელი გადაწყვეტილებით, ქალაქებსაც და სოფლებსაც განვითარების მეტი შანსი გაუჩნდათ. ძალიან ხშირად ვარ თელავში და ამ სამ წელში, რაც ის თვითმმართველი ქალაქი გახდა, მას ძალიან დაეტყო ცალკე ყოფნა. თვალნათლივ ვხედავდი, რამდენად შეიცვალა, რაც ურბანული განვითარების კონტურები გაჩნდა.

სულ ვლაპარაკობთ, რომ ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი. სწორედ ამიტომაა საჭირო საქალაქო განვითარება, რომ თავის გარშემო დასახლებებისთვის ცენტრებად ჩამოყალიბდეს და სერვისები ისე განვითარდეს, რომ ყველაფრისთვის თბილისში წამოსვლა აღარ მოუხდეს მოსახლეობას.

-ანუ თვითმმართველი ქალაქების განვითარებით ახალი მიზიდულობის ცენტრები გაჩნდებოდა ადგილებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მეტ შესაძლებლობებს გაუჩენდა?

-რა თქმა უნდა. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი – უნდა გაჩნდეს ასეთი ურბანული ცენტრები. ქალაქს სხვანაირი განვითარება სჭირდება, სოფელს – სხვანაირი. აბსოლუტურად სხვადასხვა გამოწვევები აქვთ მათ და აბსოლუტურად განსხვავებული განვითარების გზა. ამიტომაც მგონია, რომ კარგი იყო, როცა სამი წლის წინ ეს ქალაქები და თემები გაიმიჯნა და ის ადამიანებიც, ვინც ამ სოფლებსა თუ ქალაქებში ცხოვრობენ, ამით ძალიან კმაყოფილები იყვნენ. უფრო მეტი თანხა რჩებოდა სოფლებში, უფრო პრობლემებზე ორიენტირებული იყო ბიუჯეტის ხარჯვა. იგივე ხდებოდა ქალაქებშიც.

-ხელისუფლების უმთავრესი არგუმენტია ადგილებზე ორხელისუფლებიანობის არსებობა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ არ იცის, რომ ქალაქის თვითმმართველობა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთარ უფლებამოსილებებს, ხოლო სათემო მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო – მხოლოდ თემში? ეს ხომ სრულიად სხვადასხვა სამოქმედო არეალია?

-აბსოლუტურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ ისინი და ძალიან მკაფიოდ არის ის გამიჯნული. ორივე მუნიციპალიტეტის – თემის და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი ფუნქციები, სამოქმედო არეალი და ამ სამ წელში კიდევ უკეთ გაერკვნენ. რანაირად იყო ორხელისუფლებიანობა? ეს არგუმენტი ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც ის არგუმენტი, რომ, თურმე, ძვირი ჯდება. ბოდიში, თუ თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია და ადგილებზე დემოკრატია ძვირი ჯდება. ჰო, ძვირი უნდა ჯდებოდეს და უფრო მეტი რომ ჯდებოდეს, უნდა გადაიხადონ. სხვანაირად როგორ უნდა განავითარონ ქვეყანა, არ მესმის. წარმოუდგენელია სხვაგვარად განვითარება.

ბოდიში, თუ თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია და ადგილებზე დემოკრატია ძვირი ჯდება. ჰო, ძვირი უნდა ჯდებოდეს და უფრო მეტი რომ ჯდებოდეს, უნდა გადაიხადონ. სხვანაირად როგორ უნდა განავითარონ ქვეყანა, არ მესმის. წარმოუდგენელია სხვაგვარად განვითარება!

-რა მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება გაერთიანების შემდეგ ეს ქალაქები და სოფლები?

-ადამიანებს ძალიან მოსწონდათ ის, რომ თვითმმართველობა ჰქონდათ ქალაქში. მათთვის დრო რომ მიეცათ, უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ, გაცილებით მეტს ისწავლიდნენ ადგილებზე, უკეთესი არჩევანსაც გააკეთებდნენ, უფრო მეტად მოსთხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას. მგონია, რომ ზუსტად ამის შეეშინდა ხელისუფლებას. ის არგუმენტები, რაც მაქვს მოსმენილი, კრიტიკას ვერ უძლებს. მე მგონია, რომ ეს არის საკუთარი მოქალაქეებისადმი უნდობლობა და პოსტსაბჭოთა ლტოლვა ცენტრალიზაციისკენ, რომლიდანაც ვერ გამოვედით.