პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადაპტირების გეგმის ფარგლებში, დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები. მათივე ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით მოწყობა.
“ამავე გეგმის მიხედვით, ადაპტირებული იქნება პარლამენტის საშვთა ბიურო და ასევე, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მოეწყობა ოთახი, სადაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მათ კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებელი ნებისმიერ გარეშე პირს შეეძლება.
მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ნავიგაციის სისტემის შექმნაზე. ადაპტირების გეგმა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულება, თუმცა აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიმართულებით ინოვაციური პროექტები საქართველოს პარლამენტში მუდმივად დაინერგება.
“ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ – გეგმის განხორციელება ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლის მიხედვით სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს. ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა.
პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანისთან” ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით“,- ნათქვამია განცხადებაში.