თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მერია მომავალი წლიდან ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემას გავაკონტროლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის მიერ მომზადებული საკანონდებლო პაკეტი ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, განთავსების, დამუშავების თვალსაზრისით სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს და მხარს დაუჭერს.
“მტვრის ნაწილაკების ჰაერში კონტროლის მიზნით შემუშავებულია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც მშენებლობების დროს შეფუთვის ნორმების, ასევე სამშენებლო მასალის განთავსებისა და ტრანსპორტირების თვალსაზრისით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მტვრის ნაწილაკებია და ეს რეგულაციები, რომლებიც საერთოდ ახალ სანქციებს ითვალისწინებს მოქმედ კანონმდებლობაში, ვფიქრობთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება მხარდაჭერილი. უკვე მომავალი წლიდან ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემას ამით გავაკონტროლებთ.
სანქციების ოდენობას რაც შეეხება, დაახლოებით ისეთი ოდენობისაა, რაც განსაზღვრულია გარემოს დაცვის სფეროში სხვა სამართალდარღვევებისთვის. საუბარია 100-200 ლარზე, განმეორების შემთხვევაში მომატებულია სანქციის ოდენობა. სანქციები იქნება საკმაოდ მკაცრი, მთავარია ეფექტიანად იყოს აღსრულებული. სანქციის ოდენობასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით მსჯელობას გავაგრძელებთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის თქმითმ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მშენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას ეხება, უკვე მომზადებულია და მალე გადაეგზავნება პარლამენტს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან, მისი თქმით, ჰაერის მტვრით დაბინძურება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.