19:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, თაზაკენდის მე-13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა რეგისტრაციისას სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ – კონფლიქტებიც.
საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობით უკმაყოფილო კოორდინატორები მობილური ტელეფონებით ურეკავდნენ ამომრჩევლებს და არკვევდნენ არჩევნებზე გამოუცხადებლობის მიზეზებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – იორმუღანლოსა და ლამბალოში კოორდინატორები განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდნენ ამომრჩეველთა მობილიზებას. უბანზე მისულ ამომრჩევლებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს, ეძებენენ მათ ამომრჩეველთა სიებში და მიჰყვებოდნენ საარჩევნო უბნის კარამდე, სადაც ხმამაღლა იძახდნენ მათ სარეგისტრაციო ნომრებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა გასაგებად გაიწეროს და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი პირდაპირ არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების აქტიურობას. თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ამავე დროს, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
სხვადასხვა ფორმით ამომრჩეველთა მობილიზება, საარჩევნო უბნებზე მათი გამოცხადების აქტიური კონტროლი, პირადობის მოწმობების გამორთმევა და ამომრჩეველთა სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება, სატელეფონო ზარები შინ მყოფ ამომრჩევლებთან უბანზე გამოცხადების მოთხოვნით – კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობის ასეთი აგრესიული მეთოდები არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენას.
ამავდროულად, სხვადასხვა პარტიების კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს შორის ხშირია ინციდენტები და კონფლიქტები საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რაც აფერხებს არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას.
დარღვევები და საინტერესო ფაქტები საარჩევნო უბნებზე
- გორის 32-ე ოლქში, დიცის 39 ე უბანზე 4 ამომრჩეველი სიაში არ აღმოჩნდა. ოთხი პირი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, წინა სხვა არჩევნებზე ყოველთვის ერთსა და იმავე უბანზე აძლევდნენ ხმას. ამჯერად კი ისინი სიაში არ აღმოჩნდნენ.
- გორის 32-ე ოლქის, ტყვიავის 92-ე და 64-3 უბნებთან მობილიზებული იყო კოორდინატორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, რომლებსაც ავტომობილებზე გაკრული ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო ნომერი. ამ უბნებთან ასევე მობილიზებული იყვნენ პოლიციელებიც.
- პანკისის ხეობის სოფელ დუისში დილის 8 საათიდან №5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ იმყოფებოდა დუისის მერის წარმომადგენელი თამარ მარგოშვილი. მას ამომრჩევლები არჩევნებზე საკუთარი ავტომობილით მოჰყავდა და შემდეგ უბნამდე აცილებდა.
- მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, საბირკენდის მე-12 საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის წარმომადგენელი აკამედ იმამკულიევი. უბანზე შესვლისას მას რეგისტრაცია არ გაუვლია, რაზეც დამკვირვებლებმა მისცეს შენიშვნა. შენიშვნამ მისი აგრესია გამოიწვია. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ იმამკულიევმა რეგისტრაცია გაიარა, ვიდეოკამერა დაამონტაჟა და საარჩევნო უბანი დატოვა. მანამდე მან უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა დავით ბაქრაძისთვის მიეცათ.
- საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში, იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბულინგის შემთხვევა. მოხუცს, რომელიც საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა, ხელი ჰკრა სხვა ამომრჩეველმა. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს დაეხმარა, შესულიყო უბანზე, მაგრამ გასვლის შემდეგაც გარეთ მდგომმა პირმა კვლავ ხელი ჰკრა ამომრჩეველს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა დააფიქსირა.
- მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე დილით წილისყრა არ იყო ჩატარებული და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სიტყვიერად ჰქონდათ განაწილებული მოვალეობები. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, წილისყრა ჩატარდა.
- მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე იმყოფებოდა ორი არაუფლებამოსილი პირი: დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და პირი საცნობი ნიშნის გარეშე, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, მათ დაატოვებინეს უბნის ტერიტორია, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გააპროტესტა. ამის შემდეგ უბანზე მივიდა პოლიციის თანამშრომელი. დამკვირვებელმა მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს, პოლიციელს დაეტოვებინა უბანი, რაზეც პოლიციელი გაბრაზდა და დამკვირვებელს მიმართა, რომ მისი საქმე არ იყო. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარემ პოლიციელს უბანი დაატოვებინა.
- მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, საბირკენდის მე-12 უბანზე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლებს მიკროავტობუსით მიჰყავდათ ამომრჩევლები, სავარაუდოდ – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, მათ 5-ჯერ მაინც მოიყვანეს დღის განმავლობაში სხვადასხვა ამომრჩეველი. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზეც.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები სამ რეგიონში – კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ. ორგანიზაციის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგს ახორციელებდნენ მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის – humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა www.humanrights.ge-ზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.