პრემიერი: შემოვლითი რკინიგზის პროექტს სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა

668

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” გამართეს.

პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტს სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა, რის გამოც მისი არსებული დიზაინით დასრულება სრულიად მიუღებელი იყო.

“ბევრ თქვენგანს მოეხსნება შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით. სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, რადგან ის ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული.

თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი – რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებით ავტომაგისტრალები, რაც სრულიად მიუღებელია. გარდა ამისა, სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის დასრულება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა იყო, რომ მოგვეხდინა რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით“, – განაცხადა პრემიერმა.