არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მუშაობა გრძელდება.
ჯგუფები სამი მიმართულებით მუშაობენ, ესაა – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ჩართულობა და გამჭირვალობა და ფინანსების განაწილების წესი.
“გაიმართა შეხვედრა სამივე სამუშაო ჯგუფთან, რომელზეც ვიმსჯელეთ მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გადაცემასა და ფისკალურ ნაწილზე. კარგი ტენდენცია გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში შევძლებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ მათ მოსაზრებებს, რათა მომავალში გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით გაიმართა.
“ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილზე, შევაფასეთ ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა და განსაზღვრულია 2019 წლის ბიუჯეტში. ეს არის მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
სამთავრობო ხედვის თანახმად, კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი, ეტაპობრივად, ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რის შემდეგაც ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილი ადგილზე გადაწყდება.