კალაძე: გუშინ სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ

753

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს წარმოქმნილი პრობლემის გამო, გუშინ, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისში უნდა შეიქმნას მიწისქვეშა კომუნიკაციის რუკა, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები გამოირიცხოს.

“კახეთის გზატკეცილზე, სამუშაოების დროს შეიქმნა პრობლემა, დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს არანაირი გეგმა ან სქემა მიწისქვეშა თბილისის.

ჯერ კიდევ ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ვინმე კერძოდ რამეს ახორციელებდა, ტრაქტორი მიწის ამოღებისას დააზიანებდა ხაზებს და ნახევარ თბილისს ელექტროენერგია ეთიშებოდა. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ეს კომპანია ვისაც აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები და გაკეთდეს რუკა მიწისქვეშა კომუნიკაციების“, – განაცხადა კალაძემ.