თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.
მერიის ცნობით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.
“დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტსაც შეეხო. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.
“სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.