“თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის ლევან ჯღარკავას თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ვაკის გარდა სხვა რაიონებშიც, ღამის საათებში იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ჯღარკავამ თქვა, ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამამ, რომელიც ვაკის მასშტაბით ხორციელდებოდა, გაამართლა.
“ის, რისთვისაც გაკეთდა ღამის დასუფთავების პროექტი, იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რომ საცობი აგვეცილებინა თავიდან ამ ადგილზე და მეორე – დაგვეზოგა კომპანიის ხარჯები. ინიციატივამ ორივე მიმართულებით გაამართლა. ჩვენ დანიშნულების ადგილზე ერთხელ მივდივართ და ისიც ღამის საათებში.
სხვა რაიონებშიც იგეგმება ნარჩენების გატანა ღამის საათებში. აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების საპილოტე პროგრამის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე, ის ნაკლოვანებები, რაც ვაკის რაიონში იყო, გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
მისივე განმარტებით, პროექტის ეფექტურად განსახორციელებლად დამატებითი ნაგავმზიდები ესაჭიროებათ, რის შეძენასაც “თბილსერვისი“ უკვე გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ პირველად ქალაქის მერმა გასული წლის დეკემბერში ისაუბრა. პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტი ვაკის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ.