პიკის საათებში მეტროს ლოდინის დრო 3 წუთამდე შემცირდება

1293

წინა სტატია

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში 3-წუთიანი შუალედით იმოძრავებენ.

“ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, ჩვენ მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების შეტანას, რადგან ძალიან ბევრი მგზავრი გადაყავს დღეს მეტროს და პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ 5-6 წუთი ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოდგენდა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეტროს ახალი 3 ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რომელიც “ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და 1 სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება მოცდა შევამციროთ 3 წუთამდე.

მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ ახალი შემადგენლობების დამატებას, ვაპირებთ ძველი ვაგონების მთლიან მიდერნიზაციას და გვინდა, რომ მეტრო იყოს ერთ-ერთი კომფორტული საშუალება მგზავრებისთვის. ზოგადად, ტრანსპორტის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული, მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებული პარკი, რომელიც არის მოძველებული და მძიმე მდგომარეობაში, მთლიანად განახლდება და ამას დაემატება მეტროს ვაგონების მოდერნიზება”,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მეტროს 2019-2021 წლებში 14  შემადგენლობა დაემატება.