გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს. დაპირისპირება გორის ადმინისტრაციული შენობის წინ მოხდა, სადაც სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები აქციას მართავენ. აქციას ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისიდან შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გავიდა. სარალიძესა და დავით რაზმაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა მართული. სარალიძესა და რაზმაძეს შორის შელაპარაკება მოგვიანებით გინებაში გადაიზარდა – საკრებულოს თავმჯდომარემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა დღეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციის გაგრძელება გორის ცენტრში დააანონსეს. აქციის მონაწილეები თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.