ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის თბილისის ზოგიერთ ზონაში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება

675

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის თბილისის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება. მერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება მოადგილეებს დაავალა.

“მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას, დღეის მდგომარეობით, 2 ათასზე მეტი ლიცენზიაა გაცემული. მოვუწოდებ მძღოლებს, იაქტიურონ. ვისაც არ ექნება ლიცენზია ის დაჯარიმდება 200 ლარით.

ასევე, ამ მომსახურების მიმწოდებლებს მინდა ვაცნობო, რომ ქალაქში ვგეგმავთ ეკონომიკურად აქტიურ ზონებში სპეციალური ადგილები გამოვყოთ, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა გააჩეროს თავისი ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

მინდა დავავალო მაია ბითაძეს და ირაკლი ხმალაძეს, რომ რაც შეიძლება მალე, შეიძლება მეორე ეტაპის ამოქმედებისთვის მოინახოს ქალაქში ეს კონკრეტული ლოკაციები. გამოყავით ადგილები, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსს ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ კონკრეტულ ადგილებში ყოველგვარი გადასახადების გარეშე პარკირების. ეს ევროპის ყველა ქვეყანაში ასეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.