ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

832

ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სათათბირო ორგანოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ამჟამად გუჩმანიძე აჭარის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია.

მერიის ცნობით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს დამსწრე წევრებმა ღია კენჭისყრის წესით აირჩიეს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ეყოლება, რომელსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ახალი შემადგენლობით მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და 11 წევრისაგან შედგება. საბჭო ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის, კულტურის, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და სხვა წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, საბჭოს შექმნის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება და წარდგენის პროცესის ხელშეწყობაა.