ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, 52 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 846 589 ლარია გამოყოფილი, კერძოდ, სხვადასხვა მისამართზე ლიფტების განახლება, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეებისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, უკვე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე, რაზეც 39 274 ლარი დაიხარჯა. ასევე, ამოავსეს სართულშუა ნაპრალები ხუთ მისამართზე, რისთვისაც 60 839 ლარი გამოიყო, მრავალბინიანი კორპუსების სახურავები კი, შვიდ მისამართზე განახლდა. გადახურვის რეაბილიტაციისთვის 80 548 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება სადარბაზოების რეაბილიტაციას, ორ მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა, სამ ობიექტზე კი, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. სადარბაზოების დასრულებულ და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე 63 103 ლარია გამოყოფილი.
ასევე, მიმდინარე პროექტებს შორის, ლიფტების სრული რეაბილიტაცია შედის. აღნიშნული მიმართულებით, სამუშაოები 25 მისამართზე ხორციელდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 405 267 ლარი გამოიყო.