რა ბედი ეწევა ავტოპარკის განახლების შემდეგ თბილისში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს? როგორც ცნობილია, 2019 წლის ბოლოდან თბილისში გერმანული კომპანია MAN-ის წარმოებული ავტობუსებით ავტოპარკი სრულად განახლდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც “კომერსანტი” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძეზე დაყრდნობით წერს, ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, მათი ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, მისივე განმარტებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
“პირველ რიგში, მოხდება ყვითელი ავტობუსების შეფასება, რომლის შემდეგაც ისინი ან ჯართად გაიყიდება ან სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. განიხილება კერძო პირებზე გასხვისებაც.ასევე შეიძლება მოხდეს მისი დაშლა და ისე შენახვა.„შესაძლოა კერძო პირზე გასხვისდეს ან შესაბამისი პირობებით სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცეს. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთ წელში იქნება მიღებული,“ – აცხადებს მუმლაძე.
რაც შეეხება მძღოლებს, მუმლაძე აცხადებს, რომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მათი კვალიფიკაციას ამოწმებს. მუმლაძე აცხადებს, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„8-მეტრიან ავტობუსზე რომელზეც მძღოლი მუშაობს, აბსოლუტურად სხვა სამუშაოს შესრულება უწევს, ვიდრე 10 მეტრიანის შემთხვევაში. ამიტომ, მათ შიდა რეგლამენტით გათვალისწინებული ტრეინინგების გავლა მოუწევთ. სტანდარტების დაკმაყოფლების შემთხვევაში მძღოლი ახალ ავტობუსებზე ავტომატურად დასაქმდება,“ — განმარტავს მუმლაძე.
მისივე განცხადებით, თბილისში ყოველდღიურად 530 ავტობუსი მოძრაობს, აქედან- 100 MAN-ის მარკისაა, 430 ერთეული კი ყვითელია.
მუმლაძე აცხადებს, რომ თბილისის სატრასპორტო სამსახურის მთავარი სტრატეგიაა ის, რომ დროთა განმავლობაში შეიქმნა მანქანებზე დამოკიდებულება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმა არ არსებობდა. მისი თქმით, დღეს სამსახურს გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპლექსურად მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები), რათა ადამიანებისთვის იმ სერვისის შეთავაზება მოხდეს, რომელიც საკუთარი ავტომობილის სახლში გაჩერებას და საზოგადოებრივი ტარნსპორტით სარგებლობას გადააწყვეტინებს.