მამუკა ბახტაძე: ვიცი რას ფიქრობთ, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის, მეც იმავეს ვფიქრობ

698

“თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ-ორ კვირაში შეუძლებელი იყო. თუმცა გრაფიკი, რომელსაც მერია წარმოგვიდგენს, მართლაც ძალიან ამბიციურია. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც თბილისის მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. მერიის ცნობით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.