თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ ე.წ. მარშრუტკებისთვის სანქციები გაამკაცრონ. პროექტის ავტორის თქმით, მძღოლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და არ რთავენ კონდენციონერებს, რისთვისაც მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გამკაცრდეს სანქციები.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი, 466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “სასწრაფოდ გამკაცრდეს სანქციები სამარშუტო ტაქსებისთვის, რადგან არ რთავენ კონდენციონერს” განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, ვაჟა თოფურიას იდეას 6 ხმა აქვს.
“სასწრაფოდ უნდა გამკაცრდეს სანქციები იმ მძღოლების მიმართ რომელებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და დაედოთ უფრო მაღალი ჯარიმები;
კერძოდ, უნდა დაჯარიმდეს მთლიანად კომპანია და არა ინდივიდი მძღოლი, რადგან მოთხოვნის მიუხედავად მძღოლები არ რთავენ კონდენციონერებს.
არცერთი მოქალაქე ამით აღარ ტყუვდება რომ მარტო მძღოლი იღებს გამბედაობას გამორთოს კონდიციონერი ეს არის სისტემური დარღვევა იქნებ ამოვიღოთ ხმა და შევძლოთ ქალაქი ,ქალაქს დავამსგავსოთ”, – აღნიშნავს იდეის ავტორი ვაჟა თოფურია.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა