თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა უფლებადამცველ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა: “შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ”, – თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძე ცხოველთა თავშესაფარში არსებულ სიტუაციის შესახებ სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ამაზრზენი კადრები ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. გამოძიება უკვე დაწყებულია 259-ე მუხლით, თუმცა მგონია, რომ ეს მუხლი გადასახედია, კიდევ უფრო გასამკაცრებელია, რომ ჩვენ ამგვარი ფაქტები თავიდან ავიცილოთ. ვიმედოვნებთ, მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული – უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.
ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგი. ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მე არა ერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს…
მეგობრებო, ვისაც სურს წამლების გაყიდვა, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ. თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც გასაკეთებელია”, – განაცხადა კალაძემ.